აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ძიუდოში. მასში მონაწილეობა 200-მდე მოზარდმა მიიღო.უკვე მეორე წელია, რაც გენო ადამიას სახელობის ტურნირი იმართება. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო იმით, რომ შეჯიბრში პირველად მიიღეს მონაწილეობა 14-15 წლის ვაჟებმა და გოგონებმა. წინა ტურნირებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ გაცილებით პატარა ძიუდოსტები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი და ფულადი ჯილდო „აფხაზეთის ძიუდოს აკადემიამ“ მოიპოვა.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო აფხაზეთის ა/რ მთავრობა, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, აფხაზეთის მეომართა კავშირი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა. ომამდე მისი გატაცება ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა და მათი ფინანსური დახმარება იყო. „აფხაზეთი გაყიდულია, მაგრამ სანამ სული მიდგას ვიომებ“ – თქვა ეროვნულმა გმირმა და თავისი სიტყვისთვის არ უღალატია.
Discussion about this post