დავით აპოლონის ძე ბენდელიანი დაიბადა 1962 წლის 9 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში. დედა მის ამქვეყნად მოვლინებას გადაყვა, 3 დღის ბავშვის აღზრდა ბებიამ და ახლობლებმა იკისრეს. სწორედ ბებია უნერგავდა პატარა დავითს სამშობლოსადმი ერთგულებასა და სიყვარულს, მოყვასის პატივისცემას, მტრისადმი მტრულად დახვედრას. 1969 წელს მამამ ახალსოფლის საშუალო სკოლაში შეიყვანა, რომელიც 1980 წელს დაამთარვა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო
სამსახური.
აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე, 1992 წელს, ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. იყო ათმეთაური. დავითმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. არაერთხელ დაიმსახურა მეთაურთა მადლობა.
1993 წლის 11 ივნისს, პოზიციაზე გადაადგილების დროს, სნაიპერის ვერაგულად ნასროლ ტყვიას სიცოცხლით სავსე ვაჟკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირისთვის დავით ბენდელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის”.