სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვიტალი იურის ძე კაპიტოვი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ვიტალი იურის ძე კაპიტოვი დაიბადა 1973 წლის 16 მარტს ალმა-ატაში. 1991 წლიდან 1993 წლის 1 თებერვლამდე მსახურობდა  ქალაქ სოხუმში რუსეთის ჯარის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, რომელიც განლაგებული იყო შუქურას რაიონში.

1993 წლის 1 თებერვალს  რუსული სამხედრო ნაწილი მიატოვა და ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2   საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულში ყუმბართმტყორცნელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. როგორც მამაცმა და თავდადებულმა მებრძოლმა, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში,

1993 წლის 2 მაისს ვიტალიმ დედასწერილი მისწერა: „მე ვიბრძვი ქართველებთან ერთად იმიტომ, რომ რუსეთის მთავრობამ  აფხაზეთში ომის დაწყების  პროვოცირება მოახდინა. ქართველები კი თავის მიწა-წყალს იცავენ“.  წერილში  დედას სთხოვდა მისი შეყვარებულისთვის ყურადღება მიექცია, თან აიმედებდა   _ „ნურაფრის გეშინია დედა, მე მალე ჩამოვალ და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ!“ დედისადმი მიწერილი წერილი გაუგზავნელი დარჩა, რადგან 20 წლის ვიტალი კაპიტოვი 1993 წლის 3 მაისს ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვიტალი კაპიტოვი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, ნადეჟდა კურჩენკოს სახელობის პარკში.

error: Content is protected !!