ვახტანგ მიხეილის ძე ლოჩოშვილი დაიბადა 1959 წლის 18 მაისს გულრიფშის რაიონში. სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. დაამთავრა აფხაზეთის გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოების ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით. მუშაობდა გულრიფშის რაიონის შოთა რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის მთავარ ეკონომისტად. ჰყავდა შესანიშნავი ოჯახი.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულ ომს გვერდი არ აუვლია ვახტანგის ოჯახისათვის. სამშობლოსათვის გულანთებული ვაჟკაცი გვერდზე არ გამდგარა ქვეყნის გასაჭირის დროს, იგი იარაღით ხელში დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით. 1992 წლის 12 სექტემბრიდან ვახტანგი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში საფინანსო სამსახურის უფროსად.
ვახტანგ ლოჩოშვილი აქტიურად მონაწილეობდა 1993 წლის 5 იანვარს სოხუმზე მტრის შემოტევის მოგერიების დროს, მდინარე გუმისთის პირას, მე-6 ბატალიონის პოზიციებზე მიმდინარე ბრძოლებში. მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 16 მარტის შემოტევის მოგერიების დროს ბატალიონის პოზიციებთან მიმდინარე ბრძოლისას რა დროსაც ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.
ვახტანგ ლოჩოშვილი დაკრძალულია გულრიფშის რაიონში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ ლოჩოშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.