ჯამბულატ თენგიზის ძე ხორავა დაიბადა 1959 წლის 5 ივნისს გულირიფშის რაიონში. დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა. მუშაობდა სოხუმის აეროპორტში მძღოლად შემდეგ კი ავიატექნიკოსად.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულ ომს გვერდი არ აუვლია ჯამბულის ოჯახიშათვის. სამშობლოსათვის გულანთებული ვაჟკაცი გვერდზე არ გამდგარა ქვეყნის გასაჭირის დროს, იგი იარაღით ხელში დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით. ჯამბულატი ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში 1992 წლის სექტემბრიდან.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. ჯამბულატი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო დავალებებს. მებრძოლებში სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ მან გააგრძელა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1997 წლის ივლისის თვეში ჯამბულატ ხორავა გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში _ ერთ ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.
ჯამბულატ ხორავას დარჩა მეუღლე და ორი ვაჟი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ჯამბულატ ხორავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.