სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

დავით (დათო) ეფაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

დავით ეფაძე დაიბადა 1947 წლის 15 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ იაშტუხაში.

დავით ეფაძე 1992-1993 წლები, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველი ასეულის მე-4 ოცეულის მეთაურად.

დავით ეფაძე აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში ცუგუროვკა-თავისუფლების მიმართულებით. პირნათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო დავალებებს.  დათომ განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 2-27 ივლისის ბრძოლებში, როდესაც აფსუა სეპარატისტები და მათი დამქაში – რუსეთის, ჩრდილო-კავკასიელთა, სომხების სამხედრო შენაერთები მოადგნენ ცუგუროვკას და იაშტუხის მთის სტრატეგიულ სიმაღლეებს. დათო მედგრად ეკვეთა მტრის ჭარბ ძალებს და დანარჩენ ქართველ ვაჟკაცებთან ერთად შეძლო მომხდურთან გამკლავება და მათი უკუქცევა. იმ მომენტისათვის მტერი უკუაქციეს, ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებში დაიღუპნენ დათოს თანამებრძოლები: თენგო ძაძამია, ომარ ფანჩვიძე, კაკო კურტანიძე, რომან ბერულავა, ელგუჯა კოპალიანი, დემურ ქარდავა.

ქვეყნის ხელმძღვანელობამ ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით   27 ივლისს ხელი მოაწერა ე.წ. საზავო-სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც შემდგომში საბედისწერო აღმოჩნდა, როგორც აფხაზეთის მოსახლეობისათვის, ასევე  სრულიად საქართველოსთვის. ქართულ საჯარისო ნაწილებს ჩამოერთვათ იარაღი, გაყვანილ იქნა მძიმე ტექნიკა, ბატალიონები მოიხსნენ საბრძოლო პოზიციებიდან.

1993 წლის 16 სექტემბერს, დაარღვიეს რა სამშვიდობო ხელშეკრულება, რუსეთის სადესანტო ნაწილების წინამძღოლობით ათასობით გამხეცებული გადამთიელი შემოესია მშვიდობიან სოხუმს და მის შემოგარენს. დათო თავის თანამებრძოლებთან ერთად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში გადაეშვა. ავტომატებით და მცირე ტყვია-წამლით შეიარაღებული თავდადებული მამულიშვილები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს. ამ უთანასწორო ბრძოლებში, სიცოცხლის ფასად, ქართველმა გმირებმა შეძლეს მოწინააღმდეგის შეჩერება და გადაარჩინეს სოფლების – თავისუფლება, ბირცხა, იაშტუხის მშვიდობიანი მოსახლეობა, შეაჩერეს  სოხუმის სწრაფი, ელვისებური აღება, რაც გაცილებით კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევდა. 18 სექტემბერს დათო ეფაძე თავის თანამებრძოლებთან  (გოჩა კვანტალიანი, ლაშა ლაშხია,  თემურ სალთხუციშვილი) ერთად უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

დავით ეფაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის დავით ეფაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!