სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში (პირველი კომანი) მცხოვრებმა ოთარ და ეთერ თოდუების ოჯახმა სამი ვაჟკაცი აღუზარდა სამშობლოს, 1992-93 წლებში სამივე ძმა, მშობლიური კუთხის დასაცავად, აფხაზეთში მიმდინარე ომში ჩაება. აქედან ორი შეეწირა ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლას.
ზაური ძმებში უმცროსი იყო – დაიბადა 1972 წლის 22 აგვისტოს. ახოვანი გარეგნობით, ზრდილობითა და პატიოსნებით გამორჩეულმა, პირველმა აიღო იარაღი ხელში – ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში. იცავდა ქალაქ სოხუმის სტრატეგიულ სიმაღლეებს ჩრდილოეთის მისადგომებთან ცუგუროვკისა და იაშტუხის მთაზე. ზაური მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თავი გამოიჩინა, როგორც სამშობლოს ერთგულმა და თავდადებულმა მებრძოლმა.
1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც მტერმა კვლავ დაარღვია მორიგი სამშვიდობო ხელშეკრულება და მუხანათურად დაესხა სოფელ პირველ კომანს, ზაურ თოდუა თავის უიარაღო თანამებრძოლებთან ერთად შიშველი ხელებით ეკვეთა რუსეთის სამხედრო ნაწილებს, რომელთაც მორგებული ჰქონდათ ე.წ. ,,სამშვიდობოთა მანტია“… იმ ავბედით დღეს აფსუა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს უიარაღო ზაური, ბორკილები დაადეს და სიკვდილის მუქარით აიძულებდნენ ეჩვენებინა ცუგუროვკის შემოვლითი გზა ბირცხის მიმართულებით. ზაურმა სამაგალითო თავგანწირვა გამოიჩინა სამშობლოსა და მოყვასისადმი, არ გასცა სამხედრო სიდუმლო, არ უღალატა თანამებრძოლებს და მიუხედავად უდიდესი წამებისა, ნაზრახ სოცოცხლეს ამჯობინა სასახელო სიკვდილი – გადამთიელმა მტარვალებმა წამების შემდეგ გმირი ვაჟკაცი დახვრიტეს.
ზაურ თოდუა დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში.
სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაურ თოდუა დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.