სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში (პირველი კომანი) მცხოვრებმა ოთარ და ეთერ თოდუების ოჯახმა სამი ვაჟკაცი აღუზარდა სამშობლოს, 1992-93 წლებში სამივე ძმა, მშობლიური კუთხის დასაცავად, აფხაზეთში მიმდინარე ომში ჩაება. აქედან ორი შეეწირა ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლას.
უფროსი ძმა დათო თოდუა დაიბადა 1966 წლის 23 იანვარს. სამხედრო- სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა სოფელ პირველ კომანში. 1990 წელს დაოჯახდა, შეეძინა ვაჟი – ზვიადი. ომის დაწყების შემდეგ ძმებთან ერთად იბრძოდა 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონში. თავი გამოიჩინა 1993 წლის ივლისში ცუგუროვკა-ზეგანის სიმაღლეების დაცვისთვის გამართულ ბრძოლებში. 9 ივლისს დათო მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალიზირებულ იქნა ქალაქ თბილისში. სამწუხაროდ ჭრილობების გაუარესების გამო 1997 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქალაქ თბილისში.
საუბედუროდ თოდუების ტრაგიკული ისტორია აქ არ დასრულებულა. 2016 წელს ავტოავარიაში დაიღუპა დათოს ერთადერთი ვაჟი – ზვიადი. მიუხედავად ამ გაჭირვებისა, თოდუების ოჯახს იმედი არ დაუკარგავს და ჩვენი მრავალტანჯული, მაგრამ უდრეკი ერის ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახის ისტორია გვინდა თოდუების დის – ქალბატონი ნინოს სიტყვებით დავამთავროთ: ,,ჩვენ ვცხოვრობთ იმ იმედით, რომ უფლის ნებით კიდევ დაიბადება პატარა ზაურ თოდუა, რომელიც დაბრუნდება აფხაზეთში, მოინახულებს თავის წინაპართა საფლავებს და იმ ნასახლარს, სადაც დაიბადნენ ზაური, დათო, ზვიადი, იქ, სადაც უცხოვრიათ თავის ბებია-ბაბუას და მიხვდება, რომ ამისათვის ღირდა თავის გაწირვა. ,,გმირებად არ იბადებიან, გმირებად ცხოვრების შედეგად ხდებიან!“.