ავთანდილ კახიანი დაიბადა 1940 წლის 24 აგვისტოს. ავთო სოხუმში, ძიძარიას ქუჩაზე (N5-ში) ცხოვრობდა. როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, რა თქმა უნდა კომანისაკენ გაეშურა – ახალგაზრდობა იქ გაატარა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ხალხი იქ ეგულებოდა. როგორც ქართველთა უმეტესობამ – სულით მებრძოლმა ადამიანმა, მანაც იარაღი აიღო ხელში და ძმებს გვერდით დაუდგა, რათა დაეცვა საკუთარი მიწა-წყალი, ქვეყანა და ღირსება.
ასეულის შტაბი, იმდროისთვის, მოხუცებულთა პანსიონატში იყო განლაგებული, რომელიც იმავდროულად საწყობიც იყო და ყაზარმაც. საბრძოლო მასალის ან საკვები პროდუქტების შტაბიდან ამოტანა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, რადგან კომანიდან შრომამდე მიმავალი გზა, ზემო ეშერიდან ხელისგულივით ჩანდა და ჩასაფრებული მტრისთვის ადვილი იყო გზაზე მიმავალი მანქანების თუ ქვეითად მოსიარულეების განადგურება.
1993 წლის 8 მაისს შტაბიდან სურსათის ამოტანის რთული მისიის შესრულება თავის თავზე აიღო ავთანდილმა. სოფელ შრომის აღმართზე მიმავალ მანქანას მტერმა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლა და ააფეთქა. თანამებრძოლებმა სოხუმის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.