ჭუჭუ (რევაზ) კეხვსას ძე კვანჭიანი დაიბადა 1949 წელს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში (კომანში). დაამთავრა შრომის საშუალო სკოლა. მუშაობდა სოხუმის საფოსტო განყოფილებაში. 1993 წლის 1 მარტიდან გაიწვიეს აფხაზეთის ომში, მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულში (მძღოლად). აქტიურად იყო ჩართული ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 1993 წლის 5 ივლისს, როცა მტერმა გააფთრებული იერიში მიიტანა კომანზე. რევაზ კვანჭიანი და მისი თანამებრძოლები თავიდანვე ჩაებნენ უთანასწორო ბრძოლაში, კარგად შეიარაღებულ, მრავალრიცხოვან ბოევიკებს 9 საათის განმავლობაში უწევდნენ მედგარ წინააღმდეგობას, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ – კომანი საბოლოოდ დაეცა. რევაზ კვანჭიანი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რევაზ კვანჭიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.