გოჩა კვანტალიანი დაიბადა 1971 წლის 31 აგვისტოს, ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-7 საშუალო სკოლა. სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.
1992 წლის 1 ნოემბრიდან გოჩა კვანტალიანი მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონში, შემდეგ მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში რიგით მეომრად.
21 წლის ვაჟკაცმა თავიდანვე შეაყვარა თავი, როგორც მეთაურებს, ასევე თანამებრძოლებს. განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეულმა ბიჭმა ყველას პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
გოჩა კვანტალიანი აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში შრომა-ცუგუროვკის მიმართულებით, პირნათლად ასრულებდა საბრძოლო დავალებებს.
1993 წლის სექტემბერში, როცა სოხუმში მოჩვენებითი მშვიდობა დამყარდა და ქალებითა და ბავშვებით აივსო ქალაქი, როცა ახალგაზრდები სასწავლო წლის დაწყებისათვის ემზადებოდნენ, გოჩას ფორმა არ გაუხდია. მოუსვენრად იყო, თითქოს რაღაც საშინელების მოახლოებას გრძნობდა.
1993 წლის 16 სექტემბერს, გამთენიისას, იგი შტაბში მორიგეობდა, როდესაც მტერმა კვლავ დაარღვია ხელშეკრულება და ვერაგულად დაესხა თავს მშვიდობიან უიარაღო მოსახლეობას. გოჩა თავისი განუშორებელი ტყვიამფრქვევით ერთ-ერთი პირველი ეკვეთა მომხდურთ და თავისი თავგანწირვით სოფლების – თავისუფლების, იაშტუხის, ბირცხის –ასეულობით უმწეოდ დარჩენილი ქალის, ბავშვისა და მოხუცის სიცოცხლე იხსნა.
17 სექტემბერს, როდესაც ყოველი მხრიდან, ყველა საშუალებით (არტილერიით, ტანკებით – ზღვიდან, ჰაერიდან) შემოუტია მტერმა ჩვენს პოზიციებს, გოჩა ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოდა. ალყაში მოხვედრის შემდეგ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
გოჩას დედა ქალბატონი ნათელა იხსენებს შვილის ბოლო სიტყვას – „დედი, იცოდე, სოხუმი თუ დაეცემა, არ გეგონოს, რომ მე ცოცხალი გავალ აქედან“!
იმედია, საქართველო გაერთიანდება… დაბრუნებული აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, მარად ჭაბუკებად დარჩენილი, ჩვენი ბიჭების ყველაზე დიდი ჯილდო იქნება…
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გოჩა კვანტალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.