შოთა კვანჭიანი დაიბადა 1947 წლის 13 დეკემბერს მესტიის რაიონში. სოფელ შრომის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ფოსტაში.
აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან შოთა ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში. 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის მესამე ასეულში.
შოთა კვანჭიანი აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 5 ივლისს, როცა მტერმა მთელი ძალით შემოუტია შრომას, კომანს, ახალშენის მისადგომებს, უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი.
შოთა კვანჭიანს დარჩა დედა, მეუღლე და ოთხი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შოთა კვანჭიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.