ალექსანდრე (საშა) ცხვარაძე დაიბადა 1963 წლის 26 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდისა და ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ახალშენის კოლმეურნეობაში საწყობის გამგედ, მოგვიანებით სკოლაში – ფიზკულტურის მასწავლებლად. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის III ასეულში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში შრომა-კომანი-ახალშენის მიმართულებით.
ყველაფრით გამორჩეული ვაჟკაცი თავს არ ზოგავდა საქართველოს ერთიანობის დასაცავად გაჩაღებულ ბრძოლებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1992 წლის ნოემბრისა და 1993 წლის მარტი-აპრილის შეტაკებებში, სოხუმჰესის დაცვისათვის წარმოებულ ოპერაციებში.
1993 წლის მაისში, როდესაც საშა თავის 5 თანამებრძოლთან ერთად მიემართებოდა შრომიდან სოხუმჰესის დასაცავად სოფელ შუბარის გზაზე, მტრის ჩასაფრებულმა დივერსიულმა რაზმმა ჩვენი მებრძოლები ალყაში მოაქცია და მოსთხოვა ტყვედ ჩაბარება. საშამ, გახსნილი ხელყუმბარით ხელში, უპასუხა მომხვდურებს: ,,ქართველები არ ვნებდებით!“. უთანასწორო ბრძოლაში ჩვენი ვაჟკაცები გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე.
საშა ცხვარაძე დაკრძალულია მშობლიურ ახალშენში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის საშა ცხვარაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.