თენგიზ ძაძამია დაიბადა 1960 წელს ქალაქ სოხუმში. 1977 წელს დაამთავრა სოხუმის პირველი საშუალო სკოლა. 1988 წელს კი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. წარმოსადეგი, ახოვანი, ნიჭიერი ვაჟკაცი წერდა ლექსებსაც.
თენგიზისათვის აფხაზეთის კონფლიქტი მძიმე ჯვარი იყო. ომმა აიძულა კალამი გვერდზე გადაედო, ხელში ავტომატი აეღო და ჩვეული შემართებითა და ერთგულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მდგარიყო.
თენგიზ ძაძამია აფხაზეთში კონფლიქტის პირველივე დღიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველი ცუგუროვკის ასეულში (იყო ოცმეთაური). პირნათლად ასრულებდა საბრძოლო დავალებებს. მან არაერთხელ დაუმტკიცა სამშობლოს ერთგულება.
1992 წლის 9 ივლისს ზემდეგი თენგიზ ძაძამია ცუგუროვკის მთაზე მიმდინარე ბრძოლის დროს ჭურვის ნამსხვრევმა შეიწირა. მისმა დაღუპვამ მთელი სოხუმი შეძრა.
თენგიზი თანამებრძოლებმა სოფელ იაშთხვაში დაკრძალეს.
თენგიზ ძაძამიას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ძაძამია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.