თენგიზ ვენიას ძე კაცია დაიბადა 1952 წლის 15 მაისს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში.
იქვე დაამთავრა N2 საშუალო სკოლა. მუშაობდა ლესიჭინეს ჩაის მეურნეობის ფაბრიკაში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა გერმანიაში. მიენიჭა სერჟანტის წოდება. 1981-84 წლებში სწავლობდა უკრაინაში, ავტოსაგზაო ტექნიკუმში. 1985 წლიდან მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონში ტექნიკოს-ექსპლუატატორად.
1992 წლის 20 სექტემბერს ქალაქ სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეულ იქნა აფხაზეთის ომში, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის სამედიცინო ასეულ „კობრა“-ს შემადგენლობაში. უშიშარ მეომარს ბრძოლის ველიდან გამოჰყავდა დაჭრილი და დაღუპული თანამებრძოლები.
1993 წლის 17 სექტემბერს თენგიზ კაცია საბრძოლო დავალების შესრულების დროს მდინარე გუმისთის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 1994 წლის 19 სექტემბერს თენგიზ კაციას ნეშთი გადმოასვენეს მის მშობლიურ სოფელ ლესიჭინეში.
თენგიზ კაციას დარჩა მეუღლე და ვაჟიშვილი.