გიორგი ნადარეიშვილი დაიბადა ქალაქ სოხუმში 1972 წლის 5 ივლისს. 1989 წელს დაამთავრა სოხუმის მეშვიდე საშუალო სკოლა.
ამავე წელს ჩაირიცხა აფხაზეთის ხალხური ცეკვისა და სიმღერის კულტურის სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა, პარალელურად ცეკვავდა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში.
დინჯ და გონიერ ბიჭს, ასაკის მიუხედავად, ხშირად უფროსებიც კი ეკითხებოდნენ ჭკუას. სიმართლე და პატიოსნება მისი ხანმოკლე, მაგრამ კაცური ცხოვრების მეგზური იყო. როცა აფხაზეთში ომმა იფეთქა, 21 წლის ჭაბუკი ვერც მუდარამ, ვერც მუქარამ ვერ შეაჩერა. დადგა იქ, სადაც ქართველი ვაჟკაცები პოულობდნენ ადგილს _ სამშობლოს დასაცავად. 1993 წლის 15 მაისიდან გიორგი ნადარეიშვილი ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის სამედიცინო ასეულ „კობრა“-ს საევაკუაციო განყოფილების სანიტრად. უშიშარი ბიჭი ტყვიებისა და ქვემეხების ზუზუნში დანიშვნის პირველი დღიდანვე მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილების გამოყვანასა და შემდგომ სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაში.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა… გიორგის ერთი წუთითაც არ მიუტოვებია დაჭრილები. აფხაზმა სეპარატისტებმა ის ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს.