თენგო ძაძამია დაიბადა 1960 წლის 27 აპრილს ქალაქ სოხუმში. სოხუმის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაოჯახდა, ჰყავდა მეუღლე და 3 შვილი, ცხოვრობდა სოფელ იაშტუხაში. ახალგაზრდა პოეტმა სტუდენტობის წლებიდანვე მიჰყო ხელი ლიტერატურულ საქმიანობას, წერდა ლექსებს, ესეებს, ნარკვევებს და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მან თავის მეუღლეს მისწერა ლექსი, რომელშიც წინაგრძნობით აღწერდა თავის მომავალს და თვით ბრძოლის ველზე სიკვდილსაც.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ის მსახურობდა 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონში. თენგო ძაძამია ხელმძღვანელობდა ოცეულს, რომელიც იცავდა სტრატეგიულ სიმაღლეს სოხუმის მისადგომებთან. მისი მეთაურობით მტრის არაერთი შემოტევა იქნა მოგერიებული. 1993 წლის 15-16 მარტის სოხუმზე წარუმატებელი გუმისთის ოპერაციის შემდეგ რუსეთის გენ-შტაბში დაიგეგმა სტრატეგიული სიმაღლეების დაკავების გეგმა. რუსეთის მედესანტეების, ჩრდილო-კავკასიელთა კონფედერაციის, ჩეჩნების შამილ ბასაევის, სომხების ,,ბაგრამიანის სახელობის“ და აფსუა სეპარატისტების ბატალიონები უტევდნენ კამანის, შრომის, ახალშენის, ცუგუროვკის და იაშტუხის მიმართულებებზე.
ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებში თენგო ძაძამიამ გამოიჩინა არნახული გმირობა და თავის თანამებრძოლებთან ერთად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა მტერს. ალყაში მოხვედრილი, მძიმედ დაჭრილი იგი არ დანებებულა მომხვდურთ და 9 ივლისს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ჩვენი მებრძოლების ამ თავდადებამ და დაღვრილმა სისხლმა შედეგი გამოიღო და მტერი უდიდესი დანაკარგებით უკუიქცა, ცუგუროვკა და იაშტუხის სიმაღლეები შენარჩუნებულ იქნა, იმ პერიოდისთვის გამარჯვება ჩვენი იყო.
თენგო ძაძამია დასაფლავებულია სოფ. იაშტუხის სასაფლაოზე, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის 1- ლი ხარისხის ორდენით. თბილისში გამოცემულია მისი ლექსების კრებული „მე მოვალ თქვენთან“ სადაც ასევე შესულია დაღუპული მებრძოლის ნუკრი ცისკაძის ლექსები.
გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია!
Discussion about this post