ნუგზარ (ცუგუნა) ვარლამის ძე პაპავა დაიბადა 1956 წლის 15 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
დაამთავრა კოჩარის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა კოჩარის ავტოპარკში და კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის საქმეს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე კოჩარაში ჩამოყალიბდა სოფლის თავდაცვის შტაბი, რომლის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ნუგზარ პაპავა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში მეთაურის მოადგილედ. მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში,რომელიც იგეგმებოდა 24-ე ბრიგადის სარდლობის მიერ. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 2 ივლისს ტამიშთან მტრის დესანტის განადგურების დროს.
1993 წლის 16 სექტემბერს, როცა საომარი მოქმედებები განახლდა, ნუგზარ პაპავას ოჩამჩირის საზღვაო პორტიდან საბრძოლო ტექნიკა მიჰქონდა ცაგერასკენ, სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ვაჟკაცს სნაიპერის ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე.
თითქოს წინასწარმეტყველური იყო მის მიერ თანამებრძოლებთან ხშირად გამეორებული საყვარელი პოეტის სტრიქონები – „სნაიპერმა ბლინდაჟები შესძრა, შეაზანზარა. არხვატელის მხარებსაც შვენის , მეომრის მაზარა…“