ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, თავის განცხადებაში, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო. დოკუმენტის თანახმად, ეუთო რუსეთს მოუწოდებს დაუყონებლივ და უპირობოდ გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ვანკუვერში მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეუთო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, რაც გამოწვეულია ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის დარღვევის შედეგად. გარდა ამისა, დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ საჭიროა რუსეთის ფედერაციამ სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც მიღწეულია ევროკავშირის მედიაციით, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებით საკუთარ სახლებში.
Discussion about this post