მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1954 წლის 30 ივლისს ქალაქ გუდაუთში. დაამთავრა სოფელ დურიფშის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ ბათუმის მეზღვაურთა სკოლაში. იყო კვალიფიციური სპეციალისტი. მუშაობდა გაგრის თევზსაჭერ მეურნეობაში გემის კაპიტნად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 20 აგვისტოდან, მურმან რეხვიაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2
საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. ზ/რიგითი მურმან რეხვიაშვილი მონაწილეობდა გუმისთის მისადგომებთან გამართულ თავდაცვით თუ შეტევით საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 14 ოქტომბერს მურმან რეხვიაშვილი, გუმისთასთან მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების დროს, თანამებრძოლებთან ერთად მტრის ალყაში მოხვდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად მოახერხა თავისი ათეულის უდანაკარგოდ გამოყვანა. მურმანი თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობისგან გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.