ბევრისთვის ომი იმ დღეს დამთავრდა… მისი სიკვდილი 16 მარტს, მისივე დაბადების დღეზე გახდა ცნობილი. ზღაპრიდან გადმოსულ გმირს გავდა და ომშიც ლეგენდად იქცა… სიცოცხლის, სიყვარულის, იმედის, ვაჟკაცობის განსახიერება იყო… ირგვლივ სიხარულს და ბედნიერებას თესავდა… იური ომანაძე 1957 წლის 16 მარტს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში დაიბადა. 1992 წელს, ომის დაწყების პირველი დღიდანვე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის პირველი მოადგილე იყო.
ნამდვილი ლიდერი და მეომარი ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითს აძლევდა თანამებრძოლებს. 1993 წლის 5 იანვრის შემოტევის დროს პირადად ხელმძღვანელობდა პირველ ასეულს. მისი უნარიანი მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგემ დიდი დანაკლისი განიცადა, პირველი ასეული უმსხვერპლოდ გამოვიდა ბრძოლის ველიდან.
1993 წლის 16 მარტს, როდესაც მოწინააღმდეგემ წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა იური ომანაძე რამდენიმე მებრძოლთან ერთად გავიდა საველე შტაბიდან მე-2 ასეულის მიმართულებით, რომელთანაც კავშირი იყო გამწყდარი. როგორც შემდეგ გაირკვა მოწინააღმდეგემ გაარღვია მეორე ასეულის დაცვა, პირველი ასეულისაგან გზა გადაკეტეს და იყო საშიშროება მათი ალყაში მოქცევისა. 16 მარტს, გამთენიისას, იურიმ, ექვს მებრძოლთან ერთად გადაწყვიტა იერიში მიეტანა სახლზე, სადაც განლაგებული იყო მოწინააღმდეგე, თავად მიუძღოდა წინ, ძალთა თანაფარდობა აშკარად მოწინააღმდეგის მხარეს იყო. როგორც შემდგომში გაირკვა სახლში 60-მდე კარგად შეიარაღებული ჯარისკაცი იმყოფებოდა. ამ უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა იური ომანაძე, ადამიანი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, თავისი ვაჟკაცობის, თავგანწირვის, კაიკაცობის გამო. მისი ცხედრის გამოტანა 18 მარტს მოხერხდა, მტრის განადგურების შემდეგ. დაკრძალულია სოფელ ზემო კელასურში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის იური ომანაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.