რომან პიმენის ძე ლეთოდიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, 1992 წლის 15 აგვისტოს, იარაღით ხელში სათავეში ჩაუდგა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის პირველ ასეულს. სიმამაცით, მებრძოლი სულით გამორჩეული ვაჟკაცი მონაწილეობდა ყველა საომარ ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობდა ტყვარჩელში, სოფელ აჩადარაში, ტამიშში, გუმისთაზე, მანიაში, შრომასა და ზეგანზე. 1993 წლის ივნისში, აჩადარის საბრძოლო პოზიციას, სადაც განლაგებული იყო რომანის ასეული, მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები ეწვივნენ. პოზიციების შემოვლის დროს დაბომბვა დაიწყო. სტუმრებმა თავი სანგრებს შეაფარეს. რომანი, როგორც მეთაური და ყველა მეომარზე მზრუნველი და პასუხისმგებელი, მებრძოლებისკენ გაეშურა, ბიჭების მდგომარეობა რომ ენახა. რომანი ფეხის არეში დაიჭრა. მის წასაყვანად გამოძახებული მანქანა სტუმრებით ისე აივსო, რომ დაჭრილისათვის ადგილი აღარ დარჩა. რომანმა ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო, მძღოლს სტუმრების წაყვანა სთხოვა, თვითონ კი ფეხით წამოვიდა.
1993 წლის 16 სექტემბერს, როცა მოწინააღმდეგემ სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია და საოამრი მოქმედებები განაახლა, რომანი თბილისში, ვაჟიშვილის _ ლაშას გასამხნევებლად იმყოფებოდა, რომელიც სამხედრო აკადემიაში მისაღებ გამოცდებს აბარებდა. რომანმა დაუყოვნებლივ დატოვა დედაქალაქი და სოხუმში ჩამოვიდა.
1993 წლის 19 სექტემბერს, რომანი აჩადარაში, ბრძოლის ველზე უშიშრად მიუძღოდა თანამებრძოლებს. თავდაუზოგავად, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლა „ტახუნიამ“ და გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის რომან ლეთოდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.