სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

აკაკი (კაკო) სამსონის ძე კურტანიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

კაკო კურტანიძე დაიბადა 1934 წლის 3 აპრილს ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში. 1958 წლიდან – ოჯახის შექმნის შემდეგ ცხოვრობდა სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში. მუშაობდა სამშენებლო კოოპერატივის თავმჯდომარედ.

1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან  ჩაეწერა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში.  იყო საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულის შემქმნელი და ასეულის პირველი მეთაური, შემდეგ ბატალიონის მეთაურის მოადგილე.

კაკო კურტანიძემ თავი გამოიჩინა როგორც სამშობლოს ერთგულმა და თავდადებულმა პატრიოტმა. 60 წლის ვაჟკაცს მებრძოლები ,,მთის ვეფხვს“ ეძახდნენ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა  საბრძოლო ოპერაციაში შრომა-ცუგუროვკის მიმართულებით.

კაკო კურტანიძის უნარიანი ხელმძღვანელობით ბატალიონმა მოიგერია მტრის არაერთი შემოტევა. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 2-27 ივლისის შემოტევების დროს, როცა რუსეთის გენშტაბში დაიგეგმა სოხუმის აღების ოპერაცია ქალაქის ჩრდილოეთიდან შრომა-ცუგურუვკის სიმაღლეების მიმართულებით. სისხლისმღვრელ ბრძოლებში კაკო კურტანიძის მეთაურობით მოგერიებულ იქნა სომხების ,,ბაგრამიანის“, ჩეჩნების ,,ბასაევის“ და რუსეთის ,,ფსკოვის დივიზიის“ ბატალიონების შემოტევები, რის გამოც მტერმა განიცადა დიდი დანაკლისი და უკან დაიხია. მიმდინარე ბრძოლების დროს, 9 ივლისს კაკო კურტანიძე გმირულად დაიღუპა ცუგუროვკის სიმაღლეზე.

აკაკი კურტანიძე სიცოცხლეში დაჯილდოებული იყო  ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, ხოლო სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  აკაკი კურტანიძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

აკაკი კურტანიძე დაკრძალულია სოფელ თავისუფლებაში.

error: Content is protected !!