აკაკი ვლადიმერის ძე თოდუა დაიბადა 1953 წლის 5 იანვარს გულრიფშის რ-ნ სოფელ ვარჩეში. 1960-1971 წლებში სწავლობდა სოფელ ვარჩეს საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მშობლიურ სოფელში _ სხვადასხვა ორგანიზაციებში.
1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე აკაკი დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეულში 1992 წლის 23 სექტემბრიდან მზვერავის თანამდებობაზე. აკაკი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, (ქვემო ეშერაში) მტრის შემოტევების მოგერიების დროს. მას არაერთი სახიფათო დავალების შესრულებაში მიუღია მონაწილეობა ბატალიონის სადაზვერვო ოცეულთან ერთად.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ აკაკი თოდუამ სამსახური გააგრძელა შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1998 წლის მარტის თვეში აკაკი თოდუა გმირულად დაიღუპა გალის რაიონში ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.
აკაკი თოდუას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის აკაკი თოდუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.