ამირან ქიშვარდის ძე ხურცილავა დაიბადა 1956 წლის 9 მარტს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ დაამთავრა ქალაქ სოხუმის ინდუსტრიალური ტექნიკუმი და მუშაობა დაიწყო სოხუმის სამშენებლო კომბინატში სპეციალობით. 1978 წელს ამირანი დაქორწინდა, შეეძინათ სამი შვილი (მურთაზი, მანონი და ნიკა). ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა და სამომავლო გეგმებს ალაგებდა ზღვისპირა სოხუმში, მაგრამ 1992 წლის 14 აგვისტოს ომმა შეცვალა ხურცილავების ოჯახის მშვიდობიანი ცხოვრებისეული გეგმები. ამირანი მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.
1992 წლის 20 სექტემბრიდან ამირან ხურცილავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში რიგით მებრძოლად. იგი ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ ქვემო ეშერასთან. საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის 1993 წლის 4 ივლისი. დილის 02:00 საათზე საარტელერიო დაბომბვის ხმამ შესძრა სოხუმი, მტერმა მორიგი შეტევა დაიწყო ქალაქზე. ამირანი მე-6 ბატალიონის 1-ლი ასეულის მეომრებთან ერთად ჩაერთო მტრის სადაზვერვო ჯგუფთან უთანასწორო ბრძოლაში და გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ამირან ხურცილავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.