ამირან ვარდენის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1956 წლის 1 იანვარს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. დაამთავრა გუდაუთის რაიონის, ახალსოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ კი _ ტექნიკური სასწავლებელი. მუშაობდა სოხუმის (საკვების მომარაგების ) საწყობში.
ამირან რეხვიაშვილი 1992 წლის 16 ოქტომბერიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობაში, მართვის ოცეულის მზვერავად. 1993 წლის 8 თებერვალს დაინიშნა მე-2 ასეულის მეთაურის მოადგილედ და მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა ქალაქ სოხუმში, მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
ლეიტენანტი ამირან რეხვიაშვილი 1993 წლის 15-16 მარტს გუმისთაზე მტრის მასიური შემოტევის დროს უთანასწორო ბრძოლებში ვაჟკაცურად დაიღუპა. თანამებრძოოლებმა მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან უდიდესი თავგანწირვის ფასად გამოასვენეს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ამირან რეხვიაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.