ავთანდილ შაქროს ძე შონია დაიბადა 1964 წლის 18 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ წყურგილში. ახალი კინდღის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ავთანდილმა სწავლა განაგრძო ქალაქ სოხუმის კულინარიულ ტექნიკუმში. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონულ სავადმყოფოში ექსპედიტორად.
1993 წლის 30 მაისიდან ავთანდილ შონია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულის მე-7 ოცეულში ტანკის მეთაურის თანამდებობაზე.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ავთანდილმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო დავალებებს. მებრძოლებში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ ავთანდილ შონიამ სამსახური გააგრძელა შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1997 წლის ივლისში ავთანდილ შონია გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას. ავთანდილ შონიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ შონია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.