ბაადურ ჯაჭვლიანი დაიბადა 1966 წლის 1 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. მუშაობდა სოხუმის რკინიგზის სადგურში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბაადურ ჯაჭვლიანი 1992 წლის 18 ნოემბრიდან ირიცხებოდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის პირველი ასეულის მეთაურად. 1993 წლის 15 თებერვალს მიენიჭა სამხედრო წოდება _ „უფროსი ლეიტენანტი“. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 27 იანვარს ბაადურ ჯაჭვლიანი დაჯილდოვდა სახელმწიფო მეთაურის მადლობით, როგორც ბრიგადის მოწინავე, მამაცი მებრძოლი. ბაადური იდგა იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდებოდა და თავის მიწა-წყალს იცავდა ისე, როგორც მის გვარს და ოჯახს ეკადრებოდა. ამაყი, რაინდული სულის ვაჟკაცი იბრძოდა სამართლიანობისთვის, სამშობლოს ერთიანობისთვის.
ბაადურ ჯაჭვლიანი 1993 წლის 16 მარტს აფხაზი სეპარატისტების მიერ განხორციელებული შეტევის დროს, მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობებისგან ბრძოლის ველზე დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბაადურ ჯაჭვლიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ბაადურ ჯაჭვლიანი დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში.