ბადრი მუშკუდიანი დაიბადა 1962 წლის 16 აგვისტოს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ბადრი მუშკუდიანი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულის მეთაური იყო.( სწორედ ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი სახალხო ლაშქარ „ბატალიონის“ შექმნის და მისი პირველი მეთაური. (აღნიშნული ლაშქარი მოგვიანებით შევიდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის შემადგენლობაში).
ბადრი მუშკუდიანმა თავი გამოიჩინა, როგორც დისციპლინირებულმა, ორგანიზებულმა სამხედრო მოსამსახურემ, აქტიურად მონაწილეობდა სოხუმსა და ოჩამჩირეში მიმდინარე საომარ ოპერაციებში.
ბადრი მუშკუდიანი გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულთან მიმდინარე საომარი მოქმედების დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბადრი მუშკუდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.