სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბესიკ ბელთაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის სამხედრო პოლიცია

ბესიკ ბელთაძე დაიბადა 1976 წლის 24 აპრილს ქალაქ სოხუმში.  დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. ჰქონდა შესანიშნავი მუსიკალური სმენა. იყო სოხუმის ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ინტერნაციონალური ბავშვთა კაპელას ერთ-ერთი წევრი, მონაწილეობდა მრავალ ფესტივალში, როგორც საბჭოთა კავშირის ქალაქებში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ოჯახს მრავალი მადლობა აქვს მიღებული სასახელო შვილის აღზრდისათვის. ბესიკი ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა თავისი მრავალტანჯული სამშობლოს ჭირ-ვარამი. როცა აფხაზეთში არეულობა დაიწყო 16 წლის ბიჭმა, ხელში იარაღი აიღო და ქართულ ჯარში ჩაეწერა.

ბესიკ ბელთაძე ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციაში. ბოლომდე გმირულად იცავდა სოხუმს, ქალაქის დაცემის შემდეგ კი ზუგდიდის სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხებოდა. სამი წელი იარაღი ხელიდან არ გაუგდია საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლს. ერთხელ დედისთვის უთქვამს: ,,დედა, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ სამშობლო შენზე მეტად მიყვარსო“…

1994 წლის 22 დეკემბერს ქალაქ გალის გამგეობის რეკომენდაციით დაინიშნა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის მე-2 ასეულის მეთაურის თანამდებობაზე. ლეგენდები დადიოდა მისი საგმირო სამხედრო მოქმედებების შესახებ. ჯერ კიდევ 18 წლის ასაში ბესიკი ჩამოყალიბებული ჯარისკაცი იყო.

1995 წლის იანვარში ბესიკ ბელთაძე მივლინებული იყო ქალაქ ზუგდიდში, სადაც იცავდა რკინიგზის ობიექტებს, კერძოდ, მდინარე ენგურზე გამავალ სარკინიგზო ხიდს. 1995 წლის 6 სექტემბერს ერთ-ერთი შემოვლის დროს, იგი სასიკვდილოდ დაიჭრა გალის რაიონის მხრიდან ნასროლი ტყვიით. დაკრძალულია ქალაქ ქუთაისში – საფიჩხიის სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულები, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავგანწირვისა და ვაჟკაცობისათვის ბესიკ ბელთაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!