დავით ბესარიონის ძე გუჯეჯიანი დაიბადა 1960 წლის 5 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში. დაამთავრა სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლა, შემდეგ კი ტექნიკური სასწავლებელი.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, დავით გუჯეჯიანი 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში მე-2 ასეულის მსროლელად. მონაწილეობდა ქალაქ სოხუმში, მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. დავით გუჯეჯიანმა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში თავი გამოჩინა, როგორც უშიშარმა მებრძოლმა.
1993 წლის 21 სექტემბერს, მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზ სეპარატისთა მიერ განხორციელებული შემოტევის დროს, ჭურვის აფეთქების დროს მძიმედ დაიჭრა.
დავით გუჯეჯიანი გარდაიცვალა 1993 წლის 11 ოქტომბერს.