დავით დგებუაძე 1975 წლის 9 თებერვალს გაგრის რაიონის დაბა განთიადში დაიბადა.
1988 წლიდან ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. კეთილი, თავმდაბალი,მოსიყვარულე დავითი სულით ხორცამდე შეძრა ქვეყანაში დატრიალებულმა უბედურებამ და 17 წლის ჭაბუკი თავდაუზოგავად,ვაჟკაცურად იბრძოდა სამშობლოს დასაცავად. ვერ ურიგდებოდა იმ აზრს, რომ მშობლიურ მიწას ეცილებოდა ის აფხაზიც , რომელიც მასთან ერთად გაიზარდა.
დავით დგებუაძე მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონის რიგითად 1992 წლის დეკემბერში ჩაირიცხა. ქალაქ სოხუმზე ბოლო შემოტევის დროს ბატალიონს დავალებული ჰქონდა დრანდა-აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზების დაცვა. სოხუმისთვის საბედისწერო დღე მოახლოვებულიყო. 25 სექტემბერს ქალაქის შემოგარენს უტევდა მტერი… სხვებთან ერთად , დავით დგებუაძე მედგრად იცავდა ახალგაზრდული შემართებით მშობლიურ მიწას… საუბედუროდ ალყაში მოექცნენ… გარკვეული ბრძოლის შემდეგ ბატალიონი დაიშალა ჯგუფებად…
ომში სიკვდილს მოულოდნელობას ვერ დაარქმევ… დავით დგებუაძე 1993 წლის 29 სექტემბერს ბრძოლის დროს – აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს სოფელ დრანდაში. მხოლოდ ოცდამეთხუთმეტე დღეს შეძლეს მისი ცხედრის მიწისთვის მიბარება.