დავით ჯოტოს ძე ადამია დაიბადა 1959 წლის 24 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში. მშობლიური სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანის სამხედრო ბაზაზე ინჟინერ-მშენებლად.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს დავით ადამია მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 24 ნოემბრიდან იგი ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში _ მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე. ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ ქვემო-ეშერასთან „გრეჩკოს“ აგარაკის მიმდებარედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. აფხაზეთის დაცემის შემდეგაც არ შეუწყვეტია ბრძოლა დავით ადამიას. 1994 წელს, როგორც თავდაცვის სამინისტროს ხონის ბატალიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იცავდა კოდორის ხეობას, შემდეგ კი სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში გააგრძელა. 1997 წლის ივლისში.
დავით ადამია გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.
დავით ადამიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის დავით ადამია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.