სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

დემურ ძიკას ძე ქარდავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

დემურ ძიკას ძე ქარდავა დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ საამქროში. 90-იანი წლებიდან ჩაბმული იყო ეროვნულ მოძრაობაში. სამოქალაქო დაპირისპირების დროს იდგა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გვედით.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, დემურ ქარდავა 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატრებულ საბრძოლო ოპერაციებში – შრომა-ცუგუროვკის მიმართულებით. ასრულებდა მეტად რთულ და საპასუხისმგებლო დავალებებს. თანამებრძოლებს შორის  ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდა. საბრძოლო იარაღების  უბადლო მცოდნეს შეეძლო ყველანაირი მოძრავი ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეკეთება,  დაინტერესებული იყო საბრძოლო ტექნიკის კონსტრუქციებითაც. ომის დროს შეიმუშავა НУРС ტიპის ყუმბარის ხელით სასროლი მილი ელექტრო გამშვებით. УАЗ-ის ძარაზე  დაამონტაჟა საზენიტო ტყვიამფრქვევი. რომ არა ეს ომი, მისგან  საბრძოლო ტექნიკის უბადლო სპეციალისტი დადგებოდა.

1993 წლის ივლისში, როცა სეპარატისტები და მათი დაქირავებული ჯარები ქალაქ სოხუმს მოადგნენ, აიღეს სოფელი შრომა, შემოუტიეს ცუგუროვკის სიმაღლეებს, რიგითი დემურ ქარდავა თავდადებით ეკვეთა მტრის ჭარბ ძალებს, გაანადგურა არაერთი „ბოევიკი“ და საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენიმე თანამებრძოლი გადაარჩინა.

დემურ ქარდავა გმირულად დაიღუპა 1993 წლის 17 ივლისს.

დემურ ქარდავას დარჩა მეუღლე და ვაჟი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის დემურ ქარდავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

error: Content is protected !!