ელგუჯა შაქროს ძე კოპალიანი დაიბადა 1964 წლის 11 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა ქარხანა ,,სოხუმხელსაწყოში“.
1992 წლის აგვისტოში ელგუჯა კოპალიანი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში. მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში ცუგურუვკისა და იაშთხვის სიმაღლეების დასაცავად.
ელგუჯამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1993 წლის 2-27 ივლისს ცუგუროვკაში მიმდინარე ბრძოლების დროს. ელგუჯასდარი მებრძოლების სიმამაცემ და თავგანწირვამ არ მისცა მტრის ჭარბ ძალებს დაეკავებინათ სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეები სოხუმის მისადგომებთან.
13 ივლისს ბიძის – ბრძოლაში დაღუპული კაკო კურტანიძის დაკრძალვის შემდეგ, ელგუჯა თანამებრძოლთა დასახმარებლად პოზიციებისკენ მიიჩქაროდა, როდესაც სასტიკ საარტილერიო დაბომბვაში მოხვდა, ჭურვის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა.
ელგუჯა სიცოცხლეშივე იყო დაჯილდოებული არაერთი სიგელითა და საბრძოლო მედლით.
ელგუჯა კოპალიანი დაკრძალულია სოფელ თავისუფლებაში გმირი ბიძის – კაკო კურტანიძის გვერდით.
ელგუჯა კოპალიანს დარჩა მეუღლე და ქალიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ელგუჯა კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
წარადგენილია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე.