გენადი გადრანი დაიბადა 1970 წლის 4 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში მოიხადა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად დმანისში გადავიდა.
გენადი კომანში სტუმრად – ბიძაშვილ-ნათესავებთან ხშირად ჩამოდიოდა. ძალიან უყვარდა და მოსწონდა იქაურობა. დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ადგილობრივებს. კომანელებსაც უხაროდათ ზრდილ, სამართლიან, ფიზიკურად ძლიერ, უშიშარ, კეთილ გენადისთან ურთიერთობა. როცა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მეორედ განახლდა, გენადი ბიძაშვილებთან იმყოფებოდა და კომანელებთან ერთად დადგა სამშობლოს დასაცავად. დაკომპლექტდა ასეული, ჩამოყალიბდა მებრძოლთა სრულფასოვანი ჯგუფი, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და სამი ძირითადი საგუშაგო შეივსო. შეიქმნა სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ოცეული, რომლებიც ასევე საგუშაგოებზე განლაგებული მებრძოლებისგან შედგებოდა და საჭიროების შემთხვევაში სხვა მნიშვნილოვან ფუნქციებს ასრულებდა. ერთ-ერთი ასეთი ძალზედ საჭირო და ძლიერი ოცეულის (სადაზვერვო-დივერსიული) შემადგენლობაში შედიოდა გენადი, რომელსაც მ. კახიანი მეთაურობდა. ამ ოცეულმა ომის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა.
1993 წლის 26 ივნისს, ახალშენის საგუშაგოებსა და კომანის შტაბს შორის გაყვანილი საველე სატელეფონო კავშირი შეწყდა. კავშირის აღსადგენად წამოსული ახალშენის მებრძოლები ჩასაფრებულ მტერს გადაეყარნენ, ორმხრივი სროლის შედეგად ქართველი მებრძოლები დაიჭრნენ, დასახმარებლად გენადის ოცეულიდან ხუთი მებრძოლი გაეშურა. მტერს დაედევნენ, მდინარის გაღმიდან ტყვიამფრქვევით ცეცხლი გაუხსნეს სამაშველო ჯგუფს, ტყვიამფრქვევის პირველი ჯერი წინ მიმავალმა გენადიმ მიიღო… მამულისათვის თავდადებული ვაჟკაცის ცხედარი გადაასვენეს და დაკრძალეს დმანისში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მე-8 ბატალიონის III ასეულის მზვერავ-დივერსიული ოცეულის მებრძოლი გენადი გადრანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.