გივი წულაია დაიბადა 1960 წლის 24 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში. სოხუმის მე-6 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მერხეულის ა. პუშკინის სახელობის კოლმეურნეობაში ფერმის გამგედ.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი დღიდანვე, გივი წულაია ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონის პირად შემადგენლობაში, იბრძოდა ტამიშსა და ახალშენში.
1993 წლის 26 ივნისს გივი წულაია სოფელ ახალშენთან გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გივი წულაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.