გივი ვლადიმერის ძე ფარჯიანი დაიბადა 1954 წლის 11 აპრილს ქალაქ სტავროპოლში. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექნიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის დაზვერვის ოცეულში, მზვერავად.
1993 წლის 16 მარტს აფხაზ სეპარატისტთა მიერ განხორციელებული შემოტევის დროს თავში დაიჭრა, მაგრამ ჭრილობის მიუხედავად, ბრძოლას მაინც განაგრძობდა. ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვის აფეთქება სასიკვდილო აღმოჩნდა მისთვის.
გივი ფარჯიანი დაკრძალულია გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის გივი ფარჯიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.