ავთანდილ მიხეილის ძე გოგუა დაიბადა 1957 წელს სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ავთანდილ გოგუა ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 16 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების განახლების დროს, მტერმა ალყაში მოაქცია აჩადარის და შრომის მიმართულება. ავთანდილ გოგუამ მტერს მარტომ გაუწია წინააღმდეგობა და სოხუმში, სოფელ თავისუფლების მხრიდან, შემოსვლის საშუალება არ მისცა. მისი შემართების და სამხედრო სტრატეგიის წყალობით ჩვენს მეომრებს ბრძოლაში ჩართვის და პოზიციების დაკავების შესაძლებლობა მიეცა. ამ უშეღავათო ბრძოლაში ავთანდილ გოგუა გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ გოგუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.