გონერ ადეიშვილი დაიბადა 1968 წლის 7 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოფლის კოოპერატივში, მალევე დაოჯახდა და შეეძინა ქალიშვილი. ცხოვრება წინ მიდიოდა, მაგრამ საუბედუროდ 1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო და გონერი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში ყუმბართმტყორცნელად.
გონერ ადეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. იბრძოდა ცუგუროვკის სიმაღლის დასაცავად. 1993 წლის 15-16 მარტს მოწინააღმდეგის მიერ ქალაქ სოხუმზე განხორციელებული მორიგი შემოტევის დროს, პოზიციების დაბობვისას გონერი მძიმედ დაიჭრა და სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
1993 წლის 16 სექტემბერს მტერმა კვლავ დაარღვია სამშვიდობო ხელშეკრულება და შემოუტია მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ სოხუმს. გონერი კვლავ დადგა ქვეყნისთვის თავდადებულ მებრძოლთა გვერდით. მოუშუშებელი ჭრილობის მიუხედავად, თავისი ყუმბართმტყორცნით სოფელ თავისუფლებასთან მიმდინარე სისხლისმღვრელ ბრძოლებში უზრუნველყოფდა ასეულის ზურგის უსაფრთხოებას. ამ შეტაკებებში გონერმა არნახული გმირობის მაგალითი უჩვენა, გადაარჩინა არაერთი თანამებრძოლი, გაანადგურა მტრის ტექნიკა.
1993 წლის 20 სექტემბერს გმირი ვაჟკაცი დაიღუპა თავისი სახლის სიახლოვეს, ვიემში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გონერ ადეიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.