გურამ ცხვარაძე დაიბადა 1954 წლის 3 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. მუშაობა დაიწყო „სოხუმჰესში“ – ჯერ ელექტრიკოს-მექანიკოსად, შემდეგ ინჟინრად, ხოლო 1991 წლიდან დაინიშნა „სოხუმჰესის“ დირექტორად. დაოჯახდა, ბედი იამზე ჯულაყიძეს დაუკავშირა. ბედნიერი ოჯახი სამ ვაჟკაცს უზრდიდა სამშობლოს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გურამ ცხვარაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულის პირად შემადგენლობაში. გურამი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში – შრომა-კომანი-ახალშენის მიმართულებით. პირნათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო დავალებებს. ღირსეულ მამულიშვილს ერთი დღითაც არ მიუტოვებია სოხუმისათვის სასცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტი „სოხუმჰესი“, რომელიც მთელი ომის განმავლობაში ქალაქის უმეტეს ობიექტებს და მოსახლეობას (პურის ქარხანას, სოხუმხელსაწყოს, რკინიგზას, წყალკანალს) ამარაგებდა ელექტროენერგიით. მისი მეთაურობით მოგერიებულიქნა არაერთი თავდასხმა „სოხუმჰესზე“. ამ ორთაბრძოლებში დაიღუპნენ მისი ბიძა და ბიძაშვილები – გურამ, საშა და ავთო ცხვარაძეები, არაერთი მკვიდრი მისი მშობლიური სოფლიდან, ახალშენიდან.
1993 წლის ივლისში, როდესაც რუსეთის გენერალურ შტაბში დაიგეგმა (15-16 მარტის უშედეგო მცდელობის შემდეგ) სოხუმის აღების ახალი გეგმა, გურამ ცხვარაძე თავგანწირვით ეკვეთა რუსების, ჩეჩნების, სომხების კბილებამდე შეიარაღებულ ბოევიკთა ჯგუფებს. 6 ივლისს მტერმა ხელში ჩაიგდო „სოხუმჰესი“, იქ მყოფი ქართველი მებრძოლები ტყვედ აიყვანა. გურამი კი მტერს არ ჩაბარდა და გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
წარდგენილია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე.