გურამ შალვას ძე შანავა დაიბადა 1966 წლის 12 მაისს ქალაქ ოჩამჩირეში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , გურამ შანავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბატალიონის მე-2 ასეულში ყუმბარმტყორცნელად. მონაწილეობდა სოფლების – ტამიშის, ბესლახუბას, მერკულას და ოხურეის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 27 აპრილს, შტაბის უფროსის ბრძანებით, გურამ შანავას სერჟანტის წოდება მიენიჭა. სოფელ ოხურეისთან, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, გურამი სასიკვდილოდ დაიჭრა. მეგობრებმა – თენგო შონიამ და იურა გერგედავამ საბრძოლო პოზიციიდან გამოიყვანეს.
გურამ შანავა გარდაიცვალა 1993 წლის 29 სექტემბერს. დაკრძალულია ქალაქ ზუგდიდში.