გურამ ვლადიმერის ძე დგებია დაიბადა 1959 წლის 29 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში. დაამთავრა აძიუბჟის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის სექტემბრიდან გურამ დგებია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში საინჟინრო მესანგრეთა ოცეულში რიგით მებრძოლად. გურამი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მომხვდურ მტერს. 1993 წელს, სოხუმზე განხორციელებული მოწინააღმდეგის შემოტევების მოგერიებისას, ბატალიონის საბრძოლო პოზიციებზე _ მდინარე გუმისთასთან (სოფ. ქვემო-ეშერა) _ გურამი თანამებრძოლებთან ერთად აქტიურად იბრძოდა ქვეყნის ერთიანობის დასაცავად.
გურამ დგებია ერთ-ერთი შეტაკებისას, 1993 წლის 18 სექტემბერს, ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა.