ჯამბულ სერგოს ძე წურწუმია დაიბადა 1961 წლის 10 დეკემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. დაამთავრა ვარჩის იაკობ შელიას სახელობის საშუალო სკოლა. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა თბილისში, აქვე დაამთავრა სატანკო სასწავლებელი. სოხუმში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, საიდანაც სწავლის გასაგრძელებლად ხარკოვის სახანძრო სასწავლებელში გაგზავნეს. დამთავრების შემდეგ, ჯამბულ წურწუმიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გააგრძელა სამსახური.
აფხაზეთში ომის დაწყების პიველივე დღიდან მაიორი ჯამბულ წურწუმია სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ფიზიკური მომზადების უფროსად. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს ჯამბული დაიჭრა. 1993 წლის 18 სექტემბერს კი, აფხაზი სეპარატისტების მორიგი შემოტევისას, კოდორთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ჯამბულ წურწუმია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ჯამბულ წურწუმიას სახელი მიენიჭა.