კობა ვლადიმერის ძე მალანია დაიბადა 1971 წლის 10 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში. აჩდარის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თსუ სოხუმის უნივერსიტეტში.
კობა მალანია ომის დაწყებისთანავე ჩაერთო საომარ მოქმედებებში. 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონში რიგით მებრძოლად. ხოლო 1993 წლის 1 აპრილიდან მოხალისედ.
კობა მალანია აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შრომა-ახალშენის მიმართულებით. იყო გამორჩეული მებრძოლი.
1993 წლის სექტემბერში, სოხუმზე მორიგი შეტევის დროს, კობა მალანია მძიმედ დაიჭრა. გადაიყვანეს აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც, 22 სექტემბერს, მძიმე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
კობა მალანია დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ჩერნიგოვკაში.