კოტე რეჯიბის ძე ფანგანი დაიბადა 1975 წლის 19 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1992 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, 17 წლის კოტე 1992 წლის 20 ნოემბრიდან ჩაება. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა სოფლების: ათარა-აფხაზსკაიას, ათარა-არმიანსკაიას, კინდღის, აძიუბჟას მისადგომებთან განხორციელებულ არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში.
კოტე ფანგანი დაიღუპა სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს. დაკრძალულია სოფელ ბაბუშარის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კოტე ფანგანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.