ლაშა ლახშია დაიბადა 1974 წლის 11 მარტს ქალაქ სოხუმში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით, ოთხი წლის ასაკში ხსნიდა მათემატიკურ თავსატეხებს, იცოდა უამრავი ლექსი, კითხულობდა ქართულ და რუსულ ენებზე.
1980 წელს შევიდა ქალაქ სოხუმის მე-16 საშუალო სკოლაში. 1986 წელს თბილისის 25-ე სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებული ნიჭის ბავშვების გამოსავლენად ტარდებოდა გამოცდები მათემატიკაში. ლაშამ ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა, მიუხედავად ამისა სწავლა კვლავ საყვარელი ქალაქის მე-16 საშუალო სკოლაში გააგრძელა, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა 1990 წელს. იმავე წელს ლაშა ერთი გამოცდით (მათემატიკა) ჩაირიცხა სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.
1992 წლის 14 აგვისტოს, როცა ომი დაიწყო, ლაშა მეზობლებთან ერთად ქუჩის დასაცავად დადგა. შემდეგ გახდა 23-ე ბრიგადის საჰაერო თავდაცვის მეომარი. ლაშას 19 წელი ნაწილში შეუსრულდა, სამხედრო ფორმამ ჯერ კიდევ პირტიტველა ბიჭი, დაავაჟკაცა. იყო N801 შილკის ოპერატორი.
1993 წლის 16 სექტემბერს ლაშა ლაშხია შეუერთდა მე-8 ბატალიონის პირველი ასეულის მეომრებს, სოფელ თავისუფლების საომარ ხაზზე გაიქცა, გოჩა კვანტალიანთან და დავით ეფაძესთან ერთად, ბიჭებს იარაღიც არ ჰქონდათ. ეს საომარი გზა მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
ლაშა დედისერთაა იყო. დედამისი დღემდე ეკლესიაში ლაშასთვის ორ სანთელს ანთებს – ჯანმრთელობაზე და მოსაგონარზე.
დედის წერილიდან: „მე არ ვიცი, რომელი დედაა უფრო დამშვიდებული, რომელმაც შვილის საფლავი იცის თუ ისეთი დედა, რომელიც იმედითაა, რომ შვილი ცოცხალი დაუბრუნდება. ესეც უფლის ნებაა“.