ლერი ქარდავა დაიბადა 1960 წლის 26 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. წითელ დიპლომზე დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. შემდეგ სწავლა განაგრძო როსტოვის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1992 წელს.
პირველივე დღიდანვე ჩაება საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში, იყო ასმეთაური, ლეიტენანტის წოდებით.
აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ჩარიცხული იყო ქ. სოხუმის სამხედრო პოლიციის ბატალიონის შემადგენლობაში ასეულის მეთაურად 1992 წლის 15 სექტემბრიდან. მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. კერძოდ; ტამისი-ლაბრა, კინდღი-ანუარხუ, შრომა-ზეგანი, მდ. გუმისთის მისადგომები. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს. 1992 წლის დეკემბერში მკლავში დაიჭრა, ჭრილობა ფეხზე დგომით მოიშუშა და ერთი დღითაც არ მიუტოვებია თავისი ბიჭები და შტაბი. განსაკუთრებით მან თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტის შემოტევის დროს თავის ასეულთან ერთად, არ მისცა მოწინააღმდეგეს ქალაქში შესვლის საშუალება.
ლერი ქარდავა უშიშარი მებრძოლი იყო, არასოდეს დამალულა სხვის ზურგს უკან და იარაღით ხელში სამშობლოს დამცველთა წინა რიგებში იდგა მუდამ .
მტერს გადმოლახული ჰქონდა მდინარე გუმისთა, ლერი ასაფეთქებლად წინ გაიწია და ბიჭებს მოაძახა; ”აქ არ დამტოვოთო. იმისათვის რომ ეხსნა თანამებრძოლები, ყუმბარმტყორცნელი ესროლა მტრის მეტყვიამფრქვევებს და ჩააჩუმა. მეორემ კი ცეცხლი ლერიზე გადაიტანა. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან.
მებრძოლებმა ლერი ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს. მას ავტომატი მარჯვენა ხელით გულზე მიხუტებული ჰქონდა, ის იარაღით ხელში მოკვდა. დასაფლავებულია სოხუმის რაიონის სოფ . შრომაში.
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.