ლორიკ გრიგოლის ძე ბოკუჩავა, დაიბადა 1949 წლის 23 აპრილს, გურლიფშის რაიონის სოფელ ზემო ფშაფში. ზემო ფშაფის საშუალო სკოლის დაამთავრების შემდეგ, 1966-68 წელებში, ლორიკი სწავლობდა ქალაქ სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. რომლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ქალაქ სოხუმის ხელსაწყოთა ქარხანაში. 1974-79 წლებში განაგრძო სწავლა ქალაქ ტობოლსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტოსანტრანსპორტო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქ ტობოლსკში, სხვადასხვა თანამდებობებზე… 1982 წელს ჩამოვიდა აფხაზეთში და განაგრძო მუშაობა.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებული საომარი კონფლიქტის დროს ლორიკ ბოკუჩავა ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის რიგებში, სარემონტო ოცეულში, აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთისპირას. 1993 წლის 16 მარტს სოხუმზე განხორციელებული მტრის შემოტევის მოგერიების დროს ფეხში დაიჭრა, გამოჯამრთელების შემდეგ დაბრუნდა ბატალიონში. 1993 წლის 29 სექტემბერს ბატალიონის აფხაზეთიდან გამოსვლისას ლორიკ ბოკუჩავა მტრის ტყვიამ იმსხვერპა.
ლორიკ ბოკუჩავას დარჩა მეუღლე და ორი ვაჟი, რომლებმაც სასახელოდ გააგრძელეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მამის ცხოვრებისეული გზა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ლორიკ ბოკუჩავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.