სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მალხაზ ვლადიმერის ძე კახიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

მალხაზ კახიანი დაიბადა 1963 წლის 9 აპრილს აფხაზეთში, კოდორის (დალის) ხეობაში. 1970 წელს ოჯახი  საცხოვრებლად სოხუმის რაიონის სოფელ კომანში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ  სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა საბჭოთა არმიის რიგებში (1981-1983). 1983 წლიდან მუშაობდა სოხუმის N 2654 ავტოკოლონაში.

სამხედრო წოდებით  ლეიტენანტი მალხაზ კახიანი ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონში III ასეულის ოცეულის მეთაურად. ძლიერი, გამბედავი, ჭკვიანი მალხაზი  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებისთანავე დადგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა.  თანამებრძოლებისგან შექმნა მზვერავ-დივერსიული ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა, ატარებდა წარმოუდგენელ ოპერაციებს. ზამთარშიც კი ჩადიოდნენ გუდაუთაში, შუბარის მთების გავლით და საჭირო ამოცანების შესრულების შემდეგ შინ უვნებელი ბრუნდებოდნენ. ხშირად ნადავლი იარაღით ავსებდნენ ასეულის არსენალს.

გაზაფხულზე, როცა ტყე მწვანე ფოთლით შეიმოსებოდა, მტრის სნაიპერები სოფელში გადაადგილების საშუალებას არ იძლეოდნენ. მალხაზმა, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, სნაიპერთა განადგურების გეგმა შეიმუშავა და განახორციელა კიდეც. რუს ოფიცერს (მაიორის წოდებით) ზურგიდან მიეპარა და საფეთქელთან ლულა მაშინ მიადო, როცა იარაღს კომანის ეკლესიას უმიზნებდა…

ამონაწერი საბრძოლო მოკვლევიდან: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში ბრძოლის დროს, ლეიტენანტმა მალხაზ ვლადიმერის ძე კახიანმა ერთ-ერთი ოპერაციის შესრულებისას ზემო ეშერის მიდამოებში გაანადგურა მტრის დივერსიული ჯგუფი და ტყვედ აიყვანა აფხაზთა მიერ დაქირავებული სნაიპერი, ეროვნებით რუსი ოფიცერი, რომელიც ჩააბარა ბრიგადის შტაბს. ამ ოპერაციის ბრწყინვალედ შესრულებისათვის მალხაზ კახიანი დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

1993 წლის 5 ივლისს სოფელ კომანს შემოსეულ ხუთასკაციან საშტურმო-სადესანტო ბატალიონს (გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების ჯარი),  წინააღმდეგობას უწევდა ასეულის ორმოცკაციანი ჯგუფი უწევდა, ამ უთანასწორო ბრძოლაში მალხაზ კახიანი გმირულად დაიღუპა მამასთან და თანამებრძოლებთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მალხაზ კახიანი, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

error: Content is protected !!